კათოლიკურ ეკლესიას ჩანგალი ეშმაკის ნივთად და ფუფუნების საგნად მიაჩნდა, მისი გამოყენება ბერებს სასტიკად ეკრძალებოდათ. ინგლისში ჩანგალი პირველად XVII საუკუნეში გამოჩნდა, მაგრამ მისი გამოყენება XIX საუკუნემდე იკრძალებოდა. 1630 წელს, ამერიკაში, მასაჩუსეტსის გუბერნატორი ერთადერთი იყო, ვისაც ჩანგალი ჰქონდა. მოგვიანებით, საკმაოდ ნელა მაგრამ ჩანგალი მაინც გავრცელდა. თავდაპირველად ის საზოგადოების მაღალ წრეებში გამოყენებოდა, უბრალო ხალხს მისი შეძენა იმ მიზეზით არ შეეძლო, რომ ჩანგლები ძვირფასი ლითონისაგან მზადდებოდა და საკმაოდ ძვირი ღირდა. დროთა განმავობაში ერთკბილიანი ჩანგლები ოთხკბილიანმა შეცვალა, დღესდღეობით კი უამრავი ფორმის ჩანგალი არსებობს.
უდავოდ დამეთანხმებით, რომ დღესდღეობით ყველაზე მოდური აქსესუარი სათვალეა. ალბათ საინტერესოა მისი შექმნის ისტორია. სამწუხაროდ, არ არსებობს კონკრეტული ადამიანი ან ფაქტი, რომელიც დაგვიდასტურებდა სათვალის შექმნის ზუსტ დროსა და ავტორს, მაგრამ არსებობს ვარაუდები, რომლის დამტკიცებასაც მკვლევარები ცდილობენ.
ერთ-ერთი ვერსიით, სათვალე 1280 წელს ინგლისელმა ბერმა შემთხვევით გამოიგონა გამადიდებელი შუშა. იგი კვარციტის ქვებზე ცდებს ატარებდა და უეცრად შენიშნა, რომ მის მიერ მიღებულმა მინამ წარწერები გაადიდა. მას მერე ბერი როჯერ ბეიკონი კითხვისას გამადიდებელ მინას იყენებდა.
მეორე ვერსიით, სათვალე შეიქმნა 1280 წელს, სალვინო დელია არმატის მიერ. მიმიერ შექმნილი სათვალე ორი გამადიდებელი ლინზისაგან შედგებოდა, რომლებიც ისე ადიდებდნენ საგნებს, რომ მათი დანახვა უკეთ შეიძლებოდა.
დიდმა მოქანდაკემ, მხატვარმა და გამომგონებელმა ლეონარდო და ვინჩიმ, რომელმაც თავისი გამოგონებებით ჭეშმარიტად გადატრიალება მოახდინა მსოფლიოს ისტორიაში, თავის ნაშრომში ,,თვალის შესახებ” პირველად აღწერა კონტაქტური ლინზები, რომლებსაც მხედველობის კორექცია შეეძლოთ, ლეონარდოს თქმით, ეს გახლდათ მილაკი, რომელსაც ორივე მხარე ლინზები აქვს დამაგრებული, ხოლო შიგნით წყალი ასხია.
მოგვიანებით ეს იდეა პრაქტიკაში გამოიყენეს თომას იუნგმა და ჯონ ჰერშელმა. მათ ჰერსელს თვალზე დაადეს გამჭირვალე ჟელეს ფენა, რომლის საშუალებითაც მისი მხედველობის დეფექტი გამოასწორეს.
კიდევ ერთ საინტერესო ცნობას გვაწვდის 1352 წლით დათარიღებული ფერწერული ტილო, რომელზეც გამოსახულ იტალიელ კარდინალს მავთულით გადაბმული ორი ლინზა აქვს გაკეთებული.
ამ ყველაფრის გარდა არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ეგვიპტეში წარმოებული გათხრებისას ერთ-ერთ ფარაონის სამარხსი აღმოაჩინეს ფერადი გამჭირვალე ფირფიტები, რომლებსაც ალბათ, მზიან ამინდში თვალის დასაცავად იყენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ თავიდან ეკლესია უარყოფდა და გმობდა სათვალეს და მისი გამომგონებლებიც შერისხა, მაგრამ მალე შეეგუა ახალ გამოგონებას.
სათვალის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა.
ბენჯამენ ფრანკლინმა 1784 წელს შექმნა ორმაგშუშიანი ბიდოკალიური სათვალე, ამას მოჰყვა ერთლინზიანი – მონოკლის და ბინოკლის გამოგონება. XVIII საუკუნის ბოლოდან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ლორენტები, რაც შეეხება სრულყოფილ ლინზებს ისინი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამოუშვეს. მიუხედავად ლინზების სრულყოფისა და პოპულარობისა სათვალე მაინც რჩება მხედველობის კორექციისათვის შეუცვლელ საშუალებად.
რაც შეეხება მზის სათვალეს, იგი შეუცვლელი ატრიბუტია მზისაგან თვალის დასაცავად და როგორც უკვე ვთქვით, უძველესი დროიდან გამოიყენებოდა. აღსანიშნავია, რომ ძველად დაბურულმინიან სათვალეებს მოსამართლეები იყენებდნენ, რათა მათი თვალის გამომეტყველება დარბაზში მსხდომთ არ შეემჩნიათ. ისე კი მზის სათვალე 200 წლის წინ, ნაპოლეონის ჯარისკაცებისათვის გამოიგონეს, რათა მათ თვალები მზისგან დაცული ჰქონოდათ.