შესვლა


მთავარი სიახლეები მოთხრობები თამაში ჭვავის ყანაში (3)
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
თამაში ჭვავის ყანაში (3)


თავთავისი ოთახი ჰქონდა ორივეს. დაახლოებით სამოცდაათი წლისა იქნებოდნენ. თითქმის მეტიც. მაგრამ მაინც სიტკბოებას ნახულობდნენ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ცალი ფეხი სამარეში ედგათ. ვიცი, სიმდაბლეა ასეთი ლაპარაკი, მაგრამ განა იმისთვის ვამბობ. რა ჩემი ბრალია _ სულ თვალწინ მედგა მოხუცი სპენსერი, ხოლო როცა ბევრს ფირობ მასზე, არ შეიძლება არ გაგიკვირდეს _ რა ცას გამოეკერება ეს ბერიკაციო! სულ მოკაკული და დამგრეულია. ცარცი რომ დაუვარდება დაფასთან, პირველი მერხიდან უნდა წამოხტეს ვინმე და მიაწოდოს. ამაზე დიდი საშინელება იქნება?! ისე, კაცმა რომ თქვას, ურიგოდ როდი ცხოვრობს. ერთ კვირა დღეს, მაგალითად _ როცა ბიჭები ცხელ შოკოლადზე დაგვპატიჟა, _ გამოიტანა და გაცრეცილი ინდური საბანი გვაჩვენა, მისის სპენსერსა და მას ეყიდა ვიღაც ინდიელისაგან იელოუსტონის პარკში. ხელადვე შეატყობდი, რომ მოხუცი სპენსერი სიხარულით ფეხზე არ იდგა, ეს რა ვიყიდეო. აი, ეს მინდოდა მეთქვა. ზოგჯერ ვინმეზე ფიქრობ, გადამღრძვალი ბერიკაციაო, და თურმე საბნის ყიფვაც კი უდიდეს სიხარულს ანიჭებს.
ოთახის კარები ღია ჰქონდა, მაგრამ მაინც დავაკაკუნე, ხომ იცით _ ზრდილობაო, ესაო... კარებიდანვე დავინახე _ მე რომ გითხარით, იმ საბანში გახვეულიყო და ტყავის დიდ სავარძელში მიყუჟლიყო. რომ დავაკაკუნე, თავი წამოსწია.
_ ვინ არის? _ დაიღრიალა მან. _ კოლფილდი ხარ? შემოდი, ყმაწვილო.
სულ ღრიალებდა, როცა კლასში არ იყო. პირდაპირ ნერვებზე მოქმედებდა. შევდგი თუ არა ფეხი ოთახში, უცებ ვინანე, რატომ მოვედი-მეთქი. «ატლანტიკ მანთლისა» კითხულობდა, ირგვლივ სულ წამლის შუშები და აბები ეყარა, და სურდოს წვეთების სუნი იდგა. გულს ჩაგწყვეტდა. საერთოდ, ავადმყოფების ნახვაზე მაინცდამაინც არ ვკარგავ ჭკუას. ყველაზე უფრო იმან ამირია გული, რომ მოხუცი სპენსერი რაღაც უბადრუკ, ერთიანად დაძონძილ აბანოს ხალათში გახვეულიყო, დარწმუნებული ვარ, ამავე ხალათში დაიბადა და გაჩენის დღIდან აღარც მოუშორებია. გული მერევა ხოლმე, ბერიკაცებს პიჟამოსა და აბანოს ხალათებში გახვეულს რომ დავინახავ. ამობზეკილი ბებრული მკერდი გარეთა
აქვთ გამოჩრილი. ახლა ფეხები! პლაჟზე რომ გინახავთ ბერიკაცების თეთრი და უბალნო ფეხები!
_ გამარჯობათ, სერ, _ მივმართე მე, _ თქვენი ბარათი მივიღე, _ მწერდა, მანამ არდადეგები დაიწყებოდეს, ჩემთან შემოიარე და გამომეშვიდობეო; იცოდა, რომ უკან აღარ დავბრუნდებოდი. _ წერილი არც გინდოდათ, ისედაც გამოგემშვიდობებოდით.
_ აგერ დაჯექი, ყმაწვილო, _ მითხრა მოხუცმა სპენსერმა, საწოლზე მიმითითა.
დავჯექი.
_ თქვენი გრიპი რასა შვრება? სერ?
_ ეჰ, ყმაწვილო, ცოტა უფრო უკეთ რომ ვგრძნობდე თავს, უსათუოდ ექიმს მოვაყვანინებდი, _ მითხრა _ მოხუცმა სპენსერმა. ტავისივე სიტყვებმა გააცინა. გიჯივით მოჰყვა ხარხარს. მერე წელში გასწორდა და მითხრა: _ ტამაშზე რატომ არა ხარ? მე მეგონა, საფინალო თამაში იყო დღეს.
_ არის კიდეც. მეც ვიყავი. ოღონდ, ის იყო მოფარიკავეებთან ერთად დავბრუნდი ნიუ-იორკიდან და პირდაპირ იქ წავედი. _ ჰოი, ბიჭო, რა ქვასავით ლოგინი ჰქონდა.
უცებ ჯოჯოხეთივით დაიბღვირა. ვიცოდი, რომ ასე იზამდა.
_ მაშ გვტოვებ, ჰა?
_ დიახ, სერ. როგორც ვატყობ, უნდა წავიდე.
სიტყვა არც კი დამემთავრებინა, რომ თავის კანტურს მოჰყვა. ჩემს დღეში არ შევხვედრილვარ კაცს, ამდენი თავის კანტური შესძლებოდეს. ვერც გაუგებ, რას აუტყდა ეს თავის კანტური _ რამეზე ჩაფიქრდა, თუ სიბერისაგან გამოფშუტურდა და აღარაფერი ესმის.
_ რაო, დოქტორ თარმერმა, რა მინდაო? გავიგე, დიდხანს გიმუსაიფიათ.
_ მართალი ბრძანდებით. ბევრი ვილაპარაკეთ. მთელი ორი საათი ვეჯექი კაბინეტში.
_ მერე რა გითხრა?
_ რა ვიცი... მოჰყვა, ცხოვრება თამაშიაო. ამ თამაშში ყოველგვარი წესები უნდა დაიცვაო. მშვენივრად ილაპარაკა. ესე იგი, მწარე არაფერი უთქვამს. სულ ამას ჩამჩიჩინებდა, ცხოვრება თამაშიაო. თქვენც ხომ იცით.
_ ცხოვრება მართლაც თამაშია, ყმაწვილო. ისეთი თამაშია, საცა ყველა წესი უნდა დაიცვა.
_ ვიცი, სერ, მეც ვიცი, განა არ ვიცი!
კაი თამაში კია, თქვენმა მზემ! იმ მხარეს თუ მოხვდი, საცა მაგარი ბიჭები არიან, არა გიშავს რა, მართლაც თამაშია, რა მეთქმის. მაგრამ მეორე მხარეს თუ მოხვდი და არც ერთი მაგარი მოთამაშე არ გირევიათ! მაშინაც თამაშია?! რაღა თამაში გამოვა!
_ უკვე მისწერა შენს მშობლებს დოქტორ თარმერმა? _ მკითხა მოხუცმა სპენსერმა.
_ ორშაბათს მივწერო.
_ შენ თვითონ არ შეატყობინე?
_ არა, სერ, არ შემიტყობინებია, ოთხშაბათ საღამოს ხომ უნდა ჩავიდე, და ბარემ მაშინ ვეტყვი.
_ მერე როგორ გგონია, რას იტყვიან?
_ რა ვიცი... მაგრად გაბრაზდებიან, _ მივუგე მე, _ რა თქმა უნდა, გაბრაზდებიან. უკვე მეოთხე სკოლა გამოვიცვალე. _ თავი გავაქნიე. წარამარა თავის ქნევა ვიცი. _ ჰოი, ბიჭო! _ ვთქვი მე. ამ «ჰოი, ბიჭოსაც!» წარამარა ვისვრი ხოლმე. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ როგორღაც სიტყვები არა მყოფნის, მეორეც _ ზოგჯერ ჩემი ასაკისათვის სავსებით შეუფერებლად ვიქცევი. მაშინ თექვსმეტი წლისა ვიყავი, ახლა უკვე ჩვიდმეტისა ვარ, და მაინც ისეთ რამეს გავაკეთებ ზოგჯერ, რომ ცამეტი წლის ბიჭი გეგონებით. სასავცილო კია, რადგან აყლაყუდა ვარ _ მთელი ექვსი ფუტი და ორნახევარი დიუმი; თმაც შეჭაღარავებული მაქვს! კი არ გეხუმრებით, ერთ მხარეს _ მარჯვნივ _ მილიონობით თეთრი მირევია. ბავშვობიდანვე ასე მაქვს. და მაინც ისეთ რამეს გავაკეთებ ხანდახან, თორმეტი წლის ბიჭი გეგონებით. სულ ამას მსაყვედურობენ, გამსაკუთრებით მამაჩემი. ნაწილობრივ მართლებიც არიან, მაგრამ არც მთლად მასეა. მეც რა მენაღვლება, ეგონოთ. _ ეს არის, რომ გული მერევა, როცა მარიგებენ _ უკვე დიდი ხარ და დიდივით მოიქეციო. ზოგჯერ იმაზე უფრო დიდივით ვიქცევი, ვიდრე ვარ... ღმერთმანი... მაგრამ ამას ვინ დაინახავს. საერთოდ, ვერაფერსაც ვერ ხედავს ხალხი.
მოხუც სპენსერს ისევ თავის კანტური აუტყდა და თან ცხვირის ჩიჩქნასაც მოჰყვა. თითქოს ისრესსო, უნდა ეჩვენებინა, მაგრამ დამჭკნარ ცერს პირდაპირ ნესტოში კი იჩრიდა: ჩემს მეტი არავინ ყოფილა ოთახში და ალბათ იფიქრა, ამისთანა რამეები შეიძლებაო. მეც რა მენაღვლებოდა, თუმცა შეგეზიზღება კი, ცხვირის ჩიჩქნას რომ უყურებ.
მერე დაიწყო:
_ ამ რამდენიმე კვირის წინათ მე პატივი მქონდა, დედაშენი და მამაჩენი გამეცნო, დოქტორ თარმერთან რომ ჩამოვიდნენ სასაუბროდ. დიდებული ხალხია.
_ დიახ, მართალი ბრძანდებით. ძალიან კარგი ხალხია.
«დიდებული»! ჭირივით მძულს ეგ სიტყვა. მეტისმეტად გატყლარჭულია. გულს მირევს ხოლმე.
უცებ ისეთი სახე გაუხდა მოხუც სპენსერს, თითქოს ძალიან კარგი და ჭკვიანური რამე უნდა თქვასო. სავარძელში გასწორდა და მობრუნდა. სულ ფუჭი გამოდგა შიში: კალთიდან «ატლანტიკ მანთლი» აიღო და ლოგინისკენ ისროლა, საცა მე ვიჯექი. მაგრამ ააცილა. სულ ორ გოჯზე იდგა საწოლი, მაგრამ მაინც ააცილა. ავდექი, ჟურნალი ავიღე და ლოგინზე დავდე. უცებ საშინლად მომინდა ამ ოთახიდან წავსულიყავი _ თუნდაც ჯანდაბაში. ვგრძნობდი, რომ გულისამრევი ქადაგება დაიწყებოდა. ილაპარაკონ, რა მენაღვლება. მაგრამ, არაფრად მეპიტნავებოდა ახლა ქადაგების მოსმენა, როცა ირგვლივ წამლის სუნი იდგა და პიჟამასა და ხალათში გახვეული ბერიკაცი იქვე მეჯდა. ვერაფერი სასიამოვნო იყო.
მართლაც დაიწყო.
_ რა ღმერთი გიწყრება, ყმაწვილო?! _ კარგა მკვახედ მითხრა. მისგან არ ვიყავი დაჩვეული, _ რამდენი საგანი ჩააბარე ამ მეოთხედში?
_ ხუთი, ბატონო.
_ ხუთი. რამდენში ჩაიჭერი?
_ ოთხში. _ საწოლზე შევიშმუშნე. ამისთანა მაგარ ლოგინზე ჯერაც არ ვმჯდარიყავი. _ ინგლისური კარგად ჩავაბარე, _ განვაგრძე მე, _ რადგან «ბიოვულფი» და «ლორდო რენდალ, საყვარელო შვილო ჩემო» ჰუტონის
სკოლაშივე მქონდა ნასწავლი. ინგლისურზე ბევრი არ მიწვალია, გარდა იმისა, რომ დროგამოშვებით სავარჯიშოებსა ვწერდი.
არც კი მისმენდა. ასეთი ზნე სჭირს _ შენ რაღაცას ეუბნები, ის კი არ გისმენს.
- ისტორიაში იმიტომ ჩაიჭერი ინჩი-ბინჩი არ გაგეგებოდა.
- ვისი, სერ. განა არ ვიცი. რა თქვენი ბრალია.
- ინჩიბინჩი, - გაიმეორა მან. აი რა მშლის ჭკუაზე! ორჯერ რომ გაგიმეორებენ გამოჯიბრებით, მიუხედავად იმისა, რომ მაშ.ინვე დავეთანხმე. მესამედაც კი გაიმეორა, - ინჩი - ბინჩი! არა მგონია, მთელს მეოთხედში ერთხელ მაინც გადაგეშალოს წიგნი. ჰა მართალი მითხარი, ყმაწვილო?
- როგორ არა, ერთი-ორჯერ კი გადავხედე, - მივუგე მე. არ მინდოდა მეწყენინებინა. ისტორიაზე პირდაპირ ჭკუას კარგავდა.
- მაშ გადახედე, ჰა? - დაცინვით მკითხა, - აგერ მიდევს, თაროზე, შენნი საგამოცდო ნამუშევარი. აბა, ერთი მომაწოდე.
ამისთანა სისაძაგლე გაგონილა! მაგრამ მაინც მივუტანე, მეტი რაღა ჩარა იყო. მერე ისევ ისე ჩამოვჯექი მის ცემენტის ლოგინზე. ჰოი, ბიჭო, გულზე ვსკდებოდი - რამ გამასულელა და გამოსამშვიდობებლად რამ მომიყვანა-მეთქი.
ისე ჩამომართვა საგამოცდო ნამუშევარი, თითქოს ნეხვი ყოფილიყოს.
- ეგვიპტეს ჩვენ ოთხი ნოემბრიდან მოყოლებული ორ დეკემბრამდე ვსწავლობდით, - თქვა მან, - შენ თვითონ აირჩიე საგამოცდოდ ეს თემა. არ გინდა მოისმინო, რა დაგიწერია?
- არა, სერ, არც ისე.
მაინც წაიკითხა. მასწავლებელმა რამე მოინდომოს, და შენ გააჩერებ?! ჯიბრით გააკეთებს!
«ეგვიპტელები კავკასიური წარმოშობის უძველესი რასა იყო და აფრიკის ჩრდილო ნაწილში ცხოვრობდნენ. ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ ნახევარსფეროს უდიდეს კონტინენტს წარმოადგენს».
მე კიდევ ვიჯექი და ვისმენდი ამ სისულელეს. მართლაც არ გაგონილა ასეთი სისაძაგლე!
«ეგვიპტელებით ჩვენ დღეს ბევრი რამის გამო ვართ დაინტერესებულნი. თანამედროვე მეცნიერებას ჯერაც ვერ გაუხსნია ის საიდუმლო, თუ როგორ შეახვევდნენ ხოლმე ისინი თავიანთ მიცვალებულებს ისე, რომ სახე საუკუნეების განმავლობაში არ გაფუჭებოდათ. ეს საოცარი გამოცანა ჯერ კიდევ მედიდურად იწვევს ამოსახსნელად მეოცე საუკუნის თანამედროვე მეცნიერებას».
კითხვა შეწყვიტა და რვეული დასდო. თითქოს ერთბაშად შემძუოდა ეს კაცი.
- აქა მთავრდება თქვენი უკაცრავად პასუხია ესეი, - მითხრა მან ისეთივე გამქირდავი კილოთი. რას ვიფიქრებდი, ბერიკაცს ამდენი ქირდვა შეეძლო. - თუმცა ქვემოთ კიდევ მიგიწერია პატარა შენიშვნა ჩემთვის, - დასძინა მან.
- დიახ, მახსოვს, - მივუგე მე. ერთბაშად მივახალე, იქნებ ეს მაინც არ წაიკითხოს-მეთქი. მაგრამ რას შეაჩერებდი. მაშხალასავით ფეთქდებოდა.
«ძვირფასო მისტერ სპენსერ! (ღრიალით წაიკითხა) სულ ეგ არის - ეგვპიტელებისა მეტი აღარაფერი ვიცი. თქვენი ლექციები ძალიან საინტერესოა, მაგრამ თვითონ ეგვიპტელებმა ვერ დამაინტერესეს. თქვენ ჩამჭრით თუ არა, ამას უკვე აღარაფერი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ინგლისურს გარდა, ყველაფერში ჩავიჭერი. თქვენი პატივისმცემელი ჰოლდენ კოლფილდი».
უკანვე დასდო ჩემი წყეული რვეული და ისე გადმომხედა, თითქოს სულ დავენგრიე პინგ-პონგის თამაშში. არასოდეს არ ვაპატიებ, რომ სისულელე ასე
ხმამაღლა წამიკითხა. მისი დაწერილი რომ ყოფილიყო, არასდიდებით არ წავუკითხავდი ხმამაღლა. ღმერთმანი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ოხერი შენიშვნა აკი იმიტომ მივაწერე, ორიანის დაწერა არ გაუჭირდეს-მეთქი.
- ხომ არ მიბრაზდები, რომ ჩაგჭერი, ყმაწვილო? - მკითხა მან.
- რასა ბრძანებთ, სერ! - სულაც არა. - მივუგე მე. ეს «ყმაწვილო» რაღას დაიჟინა!
ჩემი საგამოცდო რვეულიც მოიქნია ლოგინისკენ. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ააცილა. ისევ წამოვდექი, ავიღე და «ატლანტიკ მანთლის» დავადე ზემოდან. გული ამირია ყოველ ორ წუთში ერთი და იგივე საქმის კეთებამ.
- შენ რას იზამდი ჩემს ადგილას? - მკითხა მან, - მართალი მითხარი, ყმაწვილო.
ეტყობა, მართლა ძალიან აწუხებდა ჩემი ჩაჭრა. ახლა მე დავიქოქე. ჭკუათხელი ვარ-მეთქი, ვუთხარი, და ათას ამისთანა სისულელეს მოვჰყევი. თქვენს ადგილას რომ ვყოფილიყავ, მეც სწორედ ასე მოვიქცეოდი-მეთქი, ბევრს წამოდგენაც კი არა მაქვს, მასწავლებლობა რა ძნელი ხელობააა-მეთქი და ამისთანა სისულელეები. ერთი სიტყვით, მაგრად დავიქოქე.
სასაცილო ის არის, რომ მანამ ასე ვქაქანებდი, ფიქრით სულ სხვა რამეს ვფიქრობდი. ნიუ-იორკში ვცხოვრობ და თვალწინ ცენტრალური პარკის ტბა მიდგას, სამხრეთით რომ ტყაა. ნეტა გამაგებინა, შინ რომ დავბრუნდები, ის ტყა გაყინული დამხვდება თუ არ, ან თუ გაიყინება - იხვები სადღა წავლენ-მეთქი. ვერ წარმომედგინა, სად უნდა წასულიყვნენ იხვები, როცა ტბას მთლიანი ყინული დაჰფარავდა! იქნებ საბარგო მანქანით ჩამოუარონ და ზოოპარკში წაასხან, ან სადმე სხვაგან. ანდა იქნება თვითონვე გაფრინდნენ სადმე.
იღბლიანი კაცი ვარ, კარგად გამომივიდა. რაც ენაზე მომადგება, ყველაფერს ვეუბნები მოხუც სპენსერს, თან კი იხვებზე ვფიქრობ. სასაცილოა. მასწავლებელს რომ ელაპარაკები ფიქრით არ უნდა შეიწუხო თავი. ვაყრი სხაპასხუპით სიტყვებს და უცებ შემაწყვეტინა. შეწყვეტინება ჩვეულებადა სჭირს.
- მერე რას ფიქრობ, ყმაწვილო? ძალიან მაინტერესებს ამის გაგება, ძალიან მაინტერესებს.
- რაზე მეკითხებით? პენსიდან რომ გამომაპანღურეს? - ვკითხე მე. ამ გამობზეკილ მკერდზე მაინც დაიფარვდეს ხალათს. ვერაფერიშვილი სანახავი იყო.
- თუ არ ვცდები, ჰუტონის სკოლასა და ელქტონ-ჰოლშიაც ასეთივე უსიამოვნება შეგხვდა. - ეს მარტო გაქირდვით კი არ უთქვამს, ისედაც ბინძურად გამოუვიდა.
- ელქტონ-ჰოლში სულაც არ შემხვედრია უსიამოვნება - არც ჩავჭრილვარ და არც არაფერი. ისე წამოვედი, ჩემი გუნებით.
- მაინც რატომ წამოხვედი, არ შეიძლება გკითხო?
- რატომ? ეჰ, ეს ამბავი შორს წაგვიყვანს, სერ. ძაან დახლართული საქმეებია. - სულაც არ მეხალისებოდა ამეების მოყოლა. სულერთია, მაინც ვერ გაიგებდა. ანკი ვინ ეკითხებოდა. ელქტონ-ჰილიდან წამოსვლის მიზეზი ის გახლავთ, რომ იქ თავიდან ბოლომდე ყველაფერი სიყალბეზე იყო აგებული. ეგ არის და ეგ. ყველაფერი გამოსაჩენად ჰქონდათ. თუნდაც თვითონ დირექტორი ავიღოთ - მისტერ ჰაასი, იმისთანა ფუყესა და თვალთმაქც ნაბიჭვარს ჩემს დღეში არ შევხვედრივარ. თარმერზედაც ათჯერ უარესი იყო. გამოიჯგიმებოდა კვირაობით და ყველა ჩამოსულ მშობელს ჩამოართმევდა ხოლმე ხელს. სულ დატკბებოდა და
დაითაფლებოდა. მაგრამ ყველას როდი ექცეოდა ასე. უნდა გენახათ, როგორ შეხვდა ერთი ჩემი ამხანაგის მშობლებს. საქმე ის არის, რომ ზოგის დედა ჩასუქებული გახლდათ და სოფლელ დედაკაცსა ჰგავდა, მამა კი სასაცილოდ მხრებაბზეკილ კოსტუმში იყო გახვეული და ფეხზედაც სოფლურად აჭრელებული ფეხსაცმელი ეცვა. ამისთანა ხალხს უგულოდ გაუწვდიდა ხელს, ერთს თვალთმაქცურად გაუღიმებდა და მერე ვინმე სხვა მშობელს გაუმართავდა ბარე ნახევარსაათიან საუბარს. ამისთანა რამეს ვერ ვიტან. ლამის ჭკუიდან შემშალოს. ისეთ საძაგელ გუნებაზე დამაყენებს, რომ გაგიჟებას ცოტაღა მიკლია. ჭირის დღესავით მძულდა ის ოხერი ელქტონ-ჰოლი.
მოხუცმა სპენსერმა რაღაც მკითხა, მაგრამ არ გამიგონია. მე იმ ჰაასზე ვფიქრობდი.
- რა მიბრძანეთ, სერ? - ჩავეკითხე ბერიკაცს.
- არ ნანობ მაინც, პენსიდან წასვლას?
- რა ბრძანებაა, ვნანობ კიდეც, რა თქმა უნდა... მაგრამ ძალიან არა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა. ეტყობა, ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ გონზე. ასე უცბად ვერა ვხვდები ხოლმე, დრო არის საჭირო. ახლა სულ იმაზე ვფიქრობ, ოთხშაბათს, შინ როგორ დავბრუნდები-მეთქი. მაკლია ცოტა.
- მომავლის ბედი სულ არ გაწუხებს, ყმაწვილო?
- როგორ არა. ცოტათი მაწუხებს. აბა რა! როგორ არ მაწუხებს! - ერთი წუთით ჩავფიქრდი, - მაგრამ არცთუ ისე ძალიან. არცთუ ისე ძალიან.
- როცა იქნება, შეგაწუხებს, - მითხრა მოხუცმა სპენსერმა, - შეგაწუხებს, ყმაწვილო, შეგაწუხებს, მაგრამ გვიანღა იქნება.
არ მესიამოვნა მისი სიტყვები. რა ამბავია, ხომ არ მოვმკვდავარ! ძაღლის გუნებაზე დამაყენა.
- ალბათ, შემაწუხებს, - ესღა ვუთხარი.
- მინდა თავში რამე ჩაგიდო, ყმაწვილო, ვცდილობ დაგეხმარო, გიშველო რამე.
მართლაც ცდილობდა. ზედვე ეტყობოდა, რომ ცდილობდა. მაგრამ სულ განსხვავებული შეხედულება გვქონდა ცხოვრებაზე - ის ალთას იყო, მე - ბალთას.
- ვიცი, რომ ცდილობთ, სერ, - მივუგე მე, - დიდი მადლობელი ვარ. ღმერთმანი. დიდი მადლობყელი ვარ და დიდადაც ვაფასებ, ნამდვილად, - წამოვდექი. ჰოი, ბიჭო! ათ წუთსაც ვეღარ გავძლებდი იმ ლოგინზე, სიკვდილი მერჩივნვა, - ახლა უნდა წავიდე, ფიზკულტურის დარბაზში ათასი რამე მიყრია და შინ წასაღებად უნდა შევკრა. ღმერთმანი.
შემომხედა და ისევ თავის კანტური აუტყდა. სახე ძალიან სერიოზული გაუხდა. უცებ საშინლად შემეცოდა. მაგრამ იქ ხომ არ დავსახლდებოდი! მით უმეტეს, ის ალთას მიიწევდა, მე ბალთას, თან რაც კი ისროლა ლოგინისკენ, ყველაფერი ააცილა!.. ახლა ეს გაცრეცილი ხალათი და გარეთ გამოჩრილი მკერდი! თან გრიპის წამლებით აყროლებული ოთახი!
- იცით რა, სერ, ჩემზე ნუ ინაღვლებთ, - განვაგრძე მე, - მე არაფერი მიჭირს. ეტყობა, გარამავალ ასაკში ვარ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ხომ ასეა?
- რა ვიცი, ყმაწვილო, აბა რა გითხრა!
ამისთანა პასუხს ვერ ვიტან.
- რა თქმა უნდა, ჩვეულებრივია. აბა რა. თავის შეწუხებადაც არ ღირს. თუ ღმერთი გწამთ, ჩემზე ნუ ინაღვლებთ, - ხელი მხარზე დავადე, - ხომ?
- იქნებ ერთი ფინჯანი ცხელი შოკოლადი დაგელია წასვლის წინ, მისის სპენსერს ძალიან...
- დიდი სიამოვნებით დავლევდი, სერ, მაგრამ უნდა წავიდე. ფიზკულტურის დარბაზში უნდა შევიარო. დიდი მადლობა. დიდი, დიდი მადლობა, სერ.
მერე ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და ათასი ამნაირი სისულელე, ძაღლის გუნებაზე დავდექი.
- წერილს გამოგიგზავნით. მაგ გრიპს ნუ გაუთამამდებით.
- ნახვამდის, ყმაწვილო.
კარი რომ გამოვიხურე და სასადილო ოთახში გამოვედი, რაღაც მომაძახა, მაგრამ კარგად ვერ გავარჩიე. დარწმუნებული ვარ «გზა მშვიდობისა» მომაძახა. თუმცა ვინ იცის. ღმერთმა ნუ ქნას. ჩემს დღეში არ ვერტყვი კაცს, გზა მშვიდობისა-მეთქი. საშინელებაა რომ დაფიქრდები.


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 47
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------