შესვლა


მთავარი სიახლეები მოთხრობები თამაში ჭვავის ყანაში (5)
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
თამაში ჭვავის ყანაში (5)


შაბათობით ყოველთვის ერთნაირი სადილი გვქონდა ხოლმე და დიდებულ სადილადაც ითვლებოდა, რადგან ბივშტექსს გვაძლევდნენ. ათას დოლარს ჩამოვალ, რომ ამას განგებ შვრებოდნენ. კვირაობით ბიჭების უმრავლესობას მშობლები ჩამოსდიოდათ და ბებერმა თარმერმა კარგად იცოდა, რომ ყველა დედა ჰკითხავდა თავის საყვარელ შვილს გუშინ რა გაჭამესო. ისიც უპასუხებდა - ბივშტექსიო. ასეთი თვალთმაქცობა გაგონილა! ერთი ისიც უნდა გენახათ, რა ბივშტექსი იყო, რაღაც მოციცქნილი, გამომხმარი, დანითაც ვერ გაჭრიდი. ბივშტექსს კარტოფილის დაკოშტოლებულ პიურესაც მოაყოლებდნენ ხოლმე, დესერტად კი - «ყავისფერ ბეტის», მაგრამ პირს არავინ აკარებდა. ზოგი
პირველკლასელი თუ შეჭამდა, რადგან უკეთესი არაფერი ენახა, და კიდევ ეკლისთანა ვაჟბატონები, რომლებიც ყველაფერს თქვლეფავდნენ.
მშვენიერი ამინდი იდგა, სასადილო ოთახიდან რომ გამოვედით, მიწაზე სამი გოჯის სისქე თოვლი იდო და ზევიდანაც გადარეულივით მოდიოდა და მოდიოდა ფანტელები. ლამაზი საყურებელი იყო. გუნდაობა გავაჩაღეთ და სულ ავიკელით იქაურობა. ბალღობაა, რაღა თქმა უნდა, მაგრამ ყველანი გავერთეთ და გავხალისდით.
საქმე არაფერი მქონდა, არც შეპირებული მყავდა ვინმე. ასე რომ, მე და ჩემმა მეგობარმა, მოჭიდავეთა გუნდის წევრმა მალ ბროსარდმა, გადავწყვიტეთ ავტობუსში ჩავმსხდარიყავით და ეგერსტაუნში თითო შნიცელი გვეჭამა. მერე კი იქნებ რამე ბითურული ფილმიც გვენახა. მთელი ღამე ბაიყუშივით ოთახში ჯდომა არც ერთს გვეხალისებოდა და არც მეორეს. ეკლიც ხომ არ წაგვეყვანა-მეთქი, მალსა ვკითხე. ეს იმიტომ, რომ ეკლი შაბათობითაც კი არ გამოდიოდა გარეთ, იჯდა თავის ოთახში და მუწუკებს იჩიჩქნიდა. წამოვიდეს, რა მენაღვლებაო, მალმა მიპასუხა, მაგრამ ეტყობოდა სიხარულით არ დაუკარგავს ჭკუა. არ უყვარდა მაინცდამაინც ეგ შენი ეკლი. ერთი სიტყვით სახლში შევედით, რომ წასასვლელად გავმზადებულიყავით. მანამ კალოშებს ვიცვამდი და ვემზადებოდი, ჩემი ოთახიდანვე გავძახე ეკლის, კინოში ხომ არ წამოხვიდოდი-მეთქი. ხმა მშვენივრად გადიოდა შხაპის კაბინის ფარდებში, მაგრამ მაშინვე არ მიპასუხა. მაგისთანა ხალხი უცებ რას გიპასუხებს! მერე შხაპის ფარდებში გამოძვრა, ზღურბლზე შედგა და, კიდევ ვინ მოდისო, მკითხა. უსათუოდ უნდა გაიგოს, ვინა და ვინ მოდის. ახლავე დავიფიცებ, გემის მარცხშიაც რომ მოხვდეს და გადასარჩენად ნავი მიაყენო, ჯერ უთუოდ იმას გკითხავს, ნიჩბებს ვინ მოუსვამსო. მალ ბროსარდი მოდის-მეთქი, ვუთხარი.
- ეს ნაბიჭვარი?! კარგი. ცოტა ხანს დამიცადე. - მითხრა მან. ასე გეგონებოდა დიდი წყალობა მოიღოო.
ხუთი საათი მაინც უნდა მორთვას. მე ამასობაში ფანჯარასთან მივედი, გამოვაღე და შიშველი ხელებით გუნდა გავაკეთე. თოვლი ძალიან კარგად გუნდავდებოდა. მაგრამ აღარ მისვრია, თუმცა თავიდან სწორედ იმიტომ დავაგუნდავე, რომ უნდა მესროლა. ქუჩაში მანქანა იდგა და იმას მოვარტყამ-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ გადავიფიქრე. ისეთი გაკრიალებულ-გაქათქათებული ჩანდა მანქანა! მერე წყალსაქაჩავს მოვუღირე, მაგრამ ისიც თეთრი და სუფთა იყო. საბოლოოდ აღარ მისვრია, ფანჯარა მოვკეტე და ოთახში გავიარ-გამოვიარე, გუნდა კი ისევ ხელში მეჭირა და სულ უფრო და უფრო ვამკვრივებდი. ხელშივე შემრჩა, რომ მე, ბროსარდი და ეკლი ავტობუსში შევედით, შოფერმა კარი გააღო და გადამაგდებინა. არავის არ ვესვრი-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ არ დამიჯერა. ვინ დაგიჯერებს - ურწმუნოა ხალხი.
სურათი ბროსარდსაც ენახა და ეკლისაც. ასე რომ შნიცელი ვჭამეთ, ცოტა პინბოლი წავითამაშეთ და ავტობუსით უკანვე დავბრუნდით, სკოლაში. მართალი გითხრათ, სულ არ დამწყვეტია გული - კინო რატრომ ვერ ვნახე-მეთქი. რაღაც კომედია გადიოდა, კერი გრანტის მონაწილეობით - სისულელე იქნებოდა, რაღა თქმა უნდა. ამას გარდა, ადრეც ვყოფილვარ ბროსარდსა და ეკლისთან ერთად კინოში. აფთარივით ხარხარებდნენ იმისთანა რამეზე, რაც სულაც არ იყო სასაცილო. აბა, რა სასიამოვნო იქნებოდა იმათთან ერთად კინოში ჯდომა!
ცხრას თხუთმეტი აკლდა, საერთო საცხოვრებელში რომ დავბრუნდით. ბროსარდი ბრიჯის გიჟი იყო და მოვედით თუ არა, პარტნიორებს დაუწყო ძებნა.
ეკლიმ კი ჩემთან გადაწყვიტა დროის მოკვლა. ოღონდ სტრედლეიტერის სავარძელზე კი აღარ ჩამოჯდა ამჯერად, პირდაპირ ჩემს ლოგინზე დაეგდო და ცხვირ-პირი ბალიშში ჩარგო. თან რაღაცას დუდღუნებდა, თავისი გულისგამაწვრილებელი ხმით, თან კი მუწუკებს იჩიჩქნიდა. რა ნართაული სიტყვები არ გადავკარი, მაგრამ ვერა და ვერ მოვიშორე თავიდან. იწვა და მომონოტონურად დუდღუნებდა, ვიღაც გოგოს ამბავსა ჰყვებოდა, რომელიც თითქოს წარსულ ზაფხულს შეაცდინა. ასჯერ მაინც მქონდა ეს ამბავი მოსმენილი, და სულ სხვადასხვანაირად სხვადასხვა ვარიანტებით. ჯერ მითხრა, თითქოს თავისი ბიძაშვილის მანქანაში შეეყვანოს, მერე პლიაჟის კაბინაში... და რა ვიცი. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე არ ყოფილა ქალთან. ის კი არა და, ვეჭვობ, ამისთანა რამე თუნდაც ეგრძნობინებინოს ქალისთვის. ბოლოს, რაკი ისე ვეღარაფერს გავხდი, ავდექი და პირდაპირ ვუთხარი, - სტრედლეიტერს დავალება უნდა დავუწერო და ახლავე აითესე, რომ ხეირიანად მოვიფიქრო-მეთქი. როგორც იქნა, წავიდა, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, ახლაც დიდხანს მაწვალა. პიჟამა და აბანოს ხალათი ჩავიცვი, თავზე სანადირო ქუდი დავიხურე და დავალების წერას შევუდექი.
დავჯექი, მაგრამ ვერასდიდებით ვერ გავიხსენე ისეთი ოთახი ან სახლი, რომლის მხატვრული აღწერაც ყოფილიყოს შესაძლებელი, როგორც ეს სტრედლეიტერს დაავალეს. საერთოდ, ოთახებისა და სახლების აღწერაზე მაინცდამაინც არა ვკარგავ ჭკუას. ბოლოს ისევ ჩემი ძმის - ელის მარცხენა საბეისბოლო ხელთათმანის აღწერას შევუდექი. კარგი ასაწერიც იყო. ღმერთმანი, ჩემს ძმას მარცხენა ხელის თათმანი ჰქონდა. ცაცია იყო. კარგი ასაწერია-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ სულ ლექსად იყო აჭრელებული - თითებზე, ჯიბეზე, ყველაფერზე ლექსი ეწერა. თანაც მწვანე მელნით. ლექსები იმიტომ სჭირდებოდა, რომ კითხვით ირთობდა თავს, როცა თამაშის დროს ბურთს არავინ მიაწვდიდა, მოკვდა ჩემი ძმა. 1946 წლის 18 ივლისს მოკვდა, სისხლის გათეთრებით. მაშინ მეინში ვცხოვრობდით. არ შეიძლებოდა არ მოგწონებოდათ. ჩემზე ორი წლით პატარა იყო, მაგრამ ათჯერ უფრო ჭკვიანი. მასწავლებელი მუდამ მადლობის წერილებს სწერდნენ დედაჩემს - დიდად სასიამოვნოა, ლისთანა ბიჭი რომ გვყავს კლასშიო. განა ელაქუცებოდნენ, გულითა სწერდნენ. მარტო უჭკვიანესი როდი იყო მთელს ოჯახში, ყველაფერში სასიამოვნო და სანატრელი ბავშვი იყო. არც გაანჩხლება იცოდა და არც არაფერი. ხომ იტყვიან ხოლმე, წითური ხალხი ადვილად ანჩხლდებაო. ელის წითელი თმა ჰქონდა, მაგრამ ერთხელაც არ გაანჩხლებულა. ახლავე გეტყვით, რა წითურიც იყო. ასე ათი წლისა ვიქნებოდი, გოლფის თამაში რომ დავიწყე. ერთ ზაფხულს, მახსოვს, მაშინ, ალბათ, თორმეტის წლისა ვიყავი, გამწარებით დავდევ ბურთს და თან ვფიქრობ, მოვიხედავ თუ არა უკან, ელის დავინახავ-მეთქი. მართლაც მოვიხედე და ვხედავ, ასორმოცდაათი იარდის დაშორებით ელი თავის ველოსიპედზე ზის, ღობის გდაღმა - ღობე სათამაშო მოედანს ერტყა ირგვლივ. მე მიყურებს. აი, რა წითელი თმა ჰქონდა! მაგრამ ჰოი, რა კეთილი და სანატრელი ბავშვი იყო. უცებ რაღაც მოაგონდებოდა სადილობის დროს და ისე გულიანად გადაიკისკისებდა, სკამზე ძლივს მაგრდებოდა. ცამეტისა ვიყავი მაშინ, მეტისა არა, და კინაღამ ფსიქიატრთან წამიყვანეს, რადგან სულ ჩავამტვრიე გარაჟის ფანჯრები. განა მშობლებს ვამტყუნებ. არა, ღმერთანი. ელი, რომ მოკვდა, იმ ღამეს გარაჟში მეძინა და სულ მუშტებით ჩავლეწე ის ოხეროი მინები, არ ვიცი რა მომელანდა. ის კი არა და, იმ ზაფხულს ავტობუსი გვქონდა და იმისი მინების ჩალეწვას მოვინდომე, მაგრამ
დასერილი ხელებით ვეღარ მოვახერხე. დიდი სისულელეა, არ შეგედავებით, მაგრამ თვითონვე არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, თანაც ვერ წარმოიდგენთ, რა ბიჭი იყო ელი. ზოგჯერ ახლაც წამომტკივა ხოლმე ხელი, როცა წვიმს, მუშტიც ვერ შემიკრავს ხეირიანად, მაგრამ რაში მენაღვლება, ქირურგობას მე არ ვაპირებ და ვიოლინოზე დაკვრას...
ერთი სიტყვით, ამაზე დავწერე სტრედლეიტერის დავალება. ელის ბეისბოლის თათმანზე. შემთხვევით ჩემოდანში აღმოაჩნდა ეს თათმანი. ამოვიღე და რაც ზედ ლექსები ეწერა, სულ გადავწერე. გვარიღა შევცვალე ელისა, რომ არავინ მიმხვდარიყო, ეს სტრედლეიტერის ძმა არ ყოფილაო. დიდად არ მეჭაშნიკებოდა გვარის შეცვლა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. თანაც უსათუოდ მინდოდა ამის დაწერა. მთელი საათი მოვუნდი, რადგან სტრედლეიტერის დანჯღრეულ მანქანაზე ვბეჭდავდი და წარამარა მისხლტებოდა. ჩემი მანქანა ვიღაც ბიჭს ვათხოვე.
თერთმეტის ნახევარი იქნებოდა, საქმეს რომ მოვრჩი. დაღლას სულაც არ ვგრძნობდი, და ფანჯარაში დავიწყე ცქერა. აღარ თოვდა. შორიდან მანქანის ხმა ისმოდა - ქოქავდნენ და ვერაფრით ვერ დაექოქათ. მეზობელი ოთახიდან ეკლის ხვრინვა გამოდიოდა. სულ ვერ იჭერდა ხმას ის ოხერი ფარდები. ჰაიმორიტი აწუხებდა და ძილში გაჭირვებით სუნთქავდა. ნეტა რა არ აწუხებდა, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ - ჰაიმორიტიო, მუწუკებიო, დამპალი კბილები, პირის სიმყრალე, დაკვნეტილი ფრჩხილები და რა ვიცი... შეგეცოდებოდათ კიდეც ეს ძაღლიშვილი.


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 47
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------