შესვლა


მთავარი სიახლეები მოთხრობები თამაში ჭვავის ყანაში (4)
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
თამაში ჭვავის ყანაში (4)


საქმე არაფერი მქონდა და მეც პირსაბანში შევყევი, მანამ ის წვერს გაიპარსავს, მე ცოტათი ენას მოვიფხან-მეთქი. ჩვენს გარდა არავინ ყოფილა იქა, ფეხბურთიდან ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ. ჯოჯოხეთის სიცხე იდგა და ფანჯრები სულ შეორთქლილიყო. ათი პირსაბანი მაინც იყო - სულ კედელზე მიყუდებული. სტრედლეიტერს შუა პირსაბანი ამოერჩია. მე ხელმარჯვნით ჩამოვუჯექი და ცივი წყლის ონკანს დავუწყე წვალება - ხან მოვუშვებდი, ხან დავკეტავდი. ეს ნერვიულობისაგან დამჩემდა. სტრედლეიტერი იპარსავდა და თან «ინდურ სიმღერას» უსტვენდა. ყურისწამღები სტვენა იცოდა და ვერასოდეს სწორედ ვერ მიჰყვებოდა მოტივს. არადა უსათუოდ ისეთი ჰანგი უნდა ამოერჩია, რომელიც სასტვენად ძალიან გამოჩენილი ოსტატებისთვისაც კი ძნელი
იქნებოდა. მაგალითად, «ინდური სიმღერა» ან «მკვლელობა მეათე ავენიუზე». ისე, რისი სტვენაც არ უნდა დაეწყო, სულერთია, დაამახინჯებდა.
თუ გახსოვთ, ზემოთ ვთქვი, ეკლი საშინელი ბინძური კაცი იყო-მეთქი. არც სტრედლეიტერი ყოფილა მაინცდამაინც წმინდა, ოღონდ განსხვავდებოდა. სტრედლეიტერის სიბინძურე უფრო შეუმჩნეველი იყო. თვალში არ გეცემოდა. მაგრამ უნდა გენახათ, რა დანით იპარსავდა პირს: ერთიანად ჩაჟანგებულ, ჭუჭყიან სამართებელს ზედვე მიხმობოდა საპნის ქაფი და ბეწვები. მე შენ გეტყვი, გასწმენდდა, ან რამე. შესახედავად ყოველთვის ლამაზი ჩანდა, როცა მოირთვებოდა, ისე კი, ჩემსავით თუ იცნობდა ვინმე, ნამდვილი სიბინძურის განსახიერება იყო. კოპწიაობით იმიტომ კოპწიაობდა, რომ გაგიჟებით უყვარდა თავი. მთელს დასავლეთ ნახევარსფეროზე იმაზე ლამაზი თუ დადიოდა ვინმე, ვერ დააჯერებდი. მართლაც ლამაზი იყო, რა მეთქმის, მაგრამ ისეთი სილამაზე ჰქონდა, რომ როცა ბავშვების მშობლები ჩამოვიდოდნენ და მის პორტრეტს ნახავდნენ სასკოლო ალბომში, ხელადვე იკითხავდნენ - «ეს ბიჭუნა ვინ არისო». ერთი სიტყვით, საალბომო სილამაზე ჰქონდა. თვით პენსის სკოლაშიაც კი ათჯერ იმაზე უფრო ლამაზი ბიჭები იყვნენ, მაგრამ სასკოლო ალბომში რომ გენახათ მათი სურათები, არ იტყოდით ლამაზიაო. ხან ცხვირი მოგეჩვენებოდათ ჩამოგრძელებული, ხან ყურები - გადმოფლაშული. ამაში არ მოვტყუვდები.
ერთი სიტყვით, პირსაბანზე ვიჯექი სტრედლეიტერის გვერდით და წყლის ონკანს ვაწვალებდი. თავზე ისევ ჩემი წითელი სანადირო ქუდი მეხურა უკუღმა. ძაან შემიყვარდა ეს ქუდი.
- ჰეი, ერთი დიდი სათხოვარი მაქვს.
- რა იყო? - ვკითხე არცთუ ისე ხალისიანად. სულ ასე არ იცოდა! ერთი დიდი სათხოვარი მაქვსო. ეს ლამაზი ბიჭები - ანდა იმისთანები, ვისაც ლამაზებად მოაქვთ თავი - სულ იმის ფიქრში არიან, ვის რა დასაქმონ. რაკი თვითონ გაგიჟებით შეჰყვარებიათ თავი, ასე ჰგონიათ, სხვებიც ჩვენზე გიჟდებიან, და ოღონდ კი რამე დავავალოთ, მოკვდებიან და შეასრულებენო. სასაცილოა, აბა რა არი.
- მიდიხარ სადმე ამაღამ?
- იქნებ წავიდე, იქნება - არა. რა ვიცი. რას მეკითხები?
- ორშაბათისთვის ისტორია მაქვს სასწავლი, მთელი ასი გვერდი, - მითხრა მან, - ინგლისურის დავალებას ვერ დამიწერ? ორშაბათს რომ არ ჩავაბარო, შავად წამივა საქმე, და იმიტომაც გთხოვ. ჰა?
სასაცილოდ ამიღო და ეგ არის! ასეა ნამდვილად.
- მე თვითონ გამომაპანღურეს ამ ოხერი სკოლიდან, და შენ კიდევ რაღაც დავალების დაწერასა მთხოვ?!
- ვიცი, ვიცი. მაგრამ რომ არ ჩავაბარო, ჩემი საქმეც შავად წავა. გამიწიე ძმობა, რაც იქნეს, იქნეს. რას იტყვი?
მაშინვე არ მიპასუხი. ამისთანა ნაბიჭვრები უნდა აწვალო, ახია.
- მაინც, რა უნდა დავწერო? - ვკითხე ბოლოს.
- რაც მოგეგუნებოს. რამე ამიწერე. ოთახი. ან სახლი. ან რამე ადგილი, სადაც გიცხოვრია. ან სხვა რამე, რაც შენ გინდოდეს. ოღონდ მხატვრულად ამიწერე. - ესა თქვა და ლაზათიანად დაამთქნარა. მოდი და ნუ გასკდები გულზე! რაღაცას გთხოვს, გეხვეწება, თვითონ კი არხეინად ამთქნარებს! - ძალიანაც ნუ გამოიდებ თავს, - განაგრძო მან, - ამ ქოფაკ ჰარტსელს ინგლისურის დიდი მცოდნე
ჰგონიხარ. ისიც იცის, რომ ჩვენ ერთ ოთახში ვცხოვრობთ. ასე რომ, ეს მძიმეები და წერტილები ცოტა აურდაურიე. საცა საჭირო იყოს, იქ ნუ ჩასვამ.
მოდი და მართლა ნუ გასკდები გულზე. კაცი მშვენივრად წერ და თხზავ, ეს კი მოსულა და მძიმეებზე ატარტალებს ენას. თუმცა სტრედლეიტერისაგან რა უნდა გამიკვირდეს. თითქოს იმიტომ გამოსდის საძაგელი თხზულება, რომ მძიმეების თავის ადგილზე ჩასმა არ იცის. ამისთანებში ეკლის არ ჩამოუვარდებოდა. ერთხელ ეკლის გვერდით ვზივარ კალათბურთზე. გუნდში ერთი მშვენიერი მოთამაშე გვყავდა - ჰოვი კოილი - შუა მოედნიდან ისე კოხტად ჩასვამდა ბადეში ბურთს, რომ არც ფიცარს შეეხებოდა და არც არაფერს. ეკლიმ დაიჟინა და მთელი თამაში აღარ მომასვენა, ეს შენი კოილი მაღალია და იმიტომო. ღმერთო, როგორ ვერ ვიტან ამისთანა რამეებს.
პირსაბანზე ჯდომა რომ მომწყინდა, წამოვდექი და იატაკზე ფეხების ტყაპუნს მოვყევი - ისე გასართობად. ცეკვა რა ჩემი საქმეა, მაგრამ ტუალეტში ქვის იატაკი ეგო და კარგი სატყაპუნებელი იყო. კინოში ერთი ყმაწვილი ცეკვავს და იმას მივბაძე. რაღაც მუსიკალური ფილმია. ჭირის დღესავით მძულს კინო, მაგრამ მსახიობების წაბაძვა მიყვარს. სტრედლეიტერი თან იპარსავდა, თან სარკეში მიყურებდა. მე კიდევ,, ოღონდ ვინმემ მიყუროს და ათასნაირ ოინბაზობას მოვიგონებ.
- მე გუბერნატორის შვილი ვარ, - ვთქვი და კიდევ უფრო მაგრად ავატყაპუნე ფეხები. - მამაჩემს არ უნდა, მოცეკვაე გამოვიდე, ოქსფორდში მაგზავნის. მაგრამ სისხლში მაქვს გამჯდარი ეს ცეკვა!
სტრედლეიტერს გაეცინა. ცოტა იუმორის გრძნობაც ჰქონდა.
- დღეს «ზიგფილდის» პრემიერაა, - უკვე სულს ვეღარ ვიბრუნებდი. ძალიან ცუდი სუნთქვა მაქვს. - მთავარი გმირი ვერ გამოვა. რუმბივით გალეშილი გდია. ვინ უნდა შესცვალოს? ვინა და მე. საწყალმა გუბერნატორის შვილმა.
- ეს ქუდი საიდან გამოაძვრინე? - ჩემს სანადირო ქუდზე მეკითხებოდა სტრედლეიტერი. ახლაღა შენიშნა.
ერთიანად შემეკრა სუნთქვა და მაიმუნობას თავი დავანებე. ქუდი მოვიხადე და ბარე მეათასეჯერ დავხედე.
- ნიუ-იორკში ვიყიდე ამ დილას. ერთი დოლარი მივეცი. მოგწონს?
სტრედლეიტერმა თავი დააქნია.
- პეწიანია, - თქვა მან. ნამდვილად მომელაქუცა, რადგან მაშინვე მოაყოლა: - მოიხედე. დავალებას ხომ დამიწერ? ახლავე უნდა ვიცოდე.
- დრო თუ მექნა - დაგიწერ, არა და - არ დაგიწერ. - მივუგე მე. ისევ გვერდზე მივუჯექი. - პაემანი ვისთანა გაქვს? ფიტცჯერალდთან?
- დაიკარგოს აქედან! აკი გითხარი, მაგ ღორს თავი დავანებე-მეთქი.
- რას ამბობ?! მაშ მე დამითმე, ბიჭო. არ გეხუმსრები. სწორედ საჩემოა.
- გყავდეს... ძაან დიდი იქნება შენთვის.
უცებ - სრულიად უმიზეზოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ არევის გუნებაზე ვიყავი - მომინდა წამოვმხტარიყავი და სტრედლეიტერისათვის ერთი მაგარი ნელსონი მეთავაზებინა. იქნებ არ იცოდეთ - ეს ერთ-ერთი ილეთი გახლავთ ჭიდაობაში - კისერზე მკლავებს შემოაჭდობ მოწიააღმდეგეს და გაგუდავ, თუკი გინდა. წამოვხტი კიდეც და ჯიქივით მივვარდი.
- მომეშვი, ჰოლდენ, თუ ღმერთი გწამს, თავი დამანებე! - იყვირა სტრედლეიტერმა. არ უყვარდა არევა. მით უმეტეს, ახლა წვერს იპარსავდა. - რასა შვრები, ყელს გამოვიღადრავ!
მაინც არ გავუშვი. მაგრად მყავდა
ჩაბღუჯული.
- აბა სცადე და შენ თვითონ გაითავისუფლე თავი!
- ო, ღმერთო. - სამართებელი დადო, ერთბაშად მოიქნია ხელები და დამისხლტა. ძაან ჯანიანი ბიჭი იყო. მე ძალიან სუსტი ვარ. - ახლა გეყოფა! - თქვა მან და პარსვა განაგრძო. ორ-ორჯერ ჩამოისვამდა ხოლმე თავის ჭუჭყიან დანას, რომ ლამაზი გამოჩენილიყო.
- მაშ ვის უნდა შეხვდები, ფიტცჯერალდი თუ გაუშვი? - ვკითხე მე. ისევ მის გვერდით ჩამოვჯექი, პირსაბანზე. - იმ გაწლიკვულ ფილის სმითს?
- არა. იმას უნდა შევხვედროდი, მაგრამ ყველაფერი აირდაირია. ბედ თოუს მეგობარი მელოდება... ჰო, კინაღამ დამავიწყდა. შენც გიცნობს.
- ვინ მიცნობს?
- ჩემი გოგო.
- მართლა? - გავიკვირვე, - რა ჰქვია? - მაგრად დავინტერესდი.
- დამაცა, მოვიგონო... ჰო, ჯინ გალაჰერი.
ჰოი, ბიჭო, კინაღამ გავთავდი კაცი, ეს რომ გავიგონე.
- ჯეინ გალაჰერი! - შევძახე მე. წამოვხტი კიდეც პირსაბანიდან. კინაღამ გავთავდი, - როგორ არ ვიცნობ! შარშანწინ ზაფხულში სწორედ ჩემს გვერდით ცხოვრობდა. იმოდენა დობერმან პინჩერი ჰყავდა რომ... იმან გაგვაცნო ერთმანეთი. ჩვენს ეზოში გადმოდიოდა ხოლმე მისი ძაღლი...
- სინათლეზე ნუ მეფარები, ჰოლდენ, - მითხრა სტრდელეიტერმა, - რაღა აქ გამომეჯგიმე!
ჰოი, ბიჭო, რა ბაგაბუგი დამიწყო გულმა, ღმერთმანი.
- სად არის? - ვკითხე მე, - წავალ, მივესალმები, რამეს ვეტყვი. სად არის? შემოსასვლელში?
- ჰო.
- როგორ გამიხსენა! სად სწავლობს ახლა, ბრიმორში? ამბობდა კიდეც, იქნებ იქ მოვეწყოო. ან იქა და ან შიპლიშიო. მე შიპლიში მეგულებოდა. მაინც, როგორ გამიხსენა, ჰა? მაგრად ამაფორიაქა, ღმერთმანი.
- მე საიდან უნდა ვიცოდე, როგორ გაგიხსენა! არ ადგები? ჩემს პირსახოცზე დამჯდარხარ. - მართლაც მის ოხერ პირსახოცზე ვიჯექი.
- ჯეინ გალაჰერი! - ავიმეორე მე. გონს ვეღარ მოვეგე. - ღმერთო ჩემო.
სტრდელეიტერმა ბრიოლინი წაისვა თმაზე. ჩემი ბრიოლინი.
- იცი როგორ ცეკვავს! - ვთქვი მე, - ბალეტი გინდა, რა გინდა!.. დღე არ გავიდოდა, რომ ორი საათი არ ევარჯიშნა, თუნდაც გაგანია სიცხე ყოფილიყო. სწუხდა, ფეხები გამიფუჭდებაო... დამიმსხვილდებაო, და რა ვიცი, შაშს ვთამაშობდით გაუთავებლად.
- რასაო?
- შაშს.
- შაში რაღა ჯანდაბაა?
- დამას რომ გავიდოდა, ადგილიდან კი არ დასძრავთდა. გაიყვანდა დამას და მერე ხელს აღარ ახლებდა. სულ უკანა ხაზზე ედგა. ჩაამწკრივებდა ხოლმე ბოლო ხაზზე. და ხელსაც არ ახლებდა. ასე უფრო მოსწონდა, ერთ ხაზზე ჩამწკრივებული.
სტრედლეიტერს არაფერი უთქვამს, ასეთი ამბები ბევრს არ აინტერესებს.
- დედამისიც ჩვენს კლუბში დადიოდა, - განვაგრძე მე, - მე ზოგჯერ გოლფის ჯოხები დამქონდა ხოლმე, ფულს ვაკეთებდი. ერთი-ორჯერ დედამისსაც წავუღე ჯოხი. ბარე ასსამოცდაათჯერ ჩააგდო ცხრა ორმოში.
სტრედლეიტერი არც კი მისმენდა. თავის მშვენიერ კულულებს ივარცხნიდა.
- უნდა წავიდე. მივესალმები მაინც, - ვთქვი მე.
- რაღას უცდი?
- ამ წუთში წავალ.
თავიდან შეუდგა თმის გაყოფას. მთელი საათი ივარცხნიდა ხოლმე.
- მაგისი დედა ქმარს გაშორდა და ვიღაც ლოთს გაჰყვა, - განვაგრძე მე. - ცარიელი ძვალი და ტყავი იყო ის საწყალი. ბანჯგვლიანი ფეხები ჰქონდა. კარგად მახსოვს. ტრუსების ამარა დადიოდა ხოლმე. ჯეინი ამბობდა მწერალიაო, პიესებსა სწერდა თურმე, თუ რაღაც ოხრობას, რას გაუგებ. მაგრამ რამდენჯერაც ვნახე, სულ გალეშილი იყო და რადიოში იმ სულელურ დეტექტივებს უსმენდა. ტიტველი დატანტალებდა მთელს სახლში. არც ჯეინს ერიდებოდა, არც არავის.
- რას ამბობ? - შესძახა სტრედლეიტერმა. როცა ვთქვი ტიტველი დატანტალებდა ის ლოთი სახლში და ჯეინსაც არ ერიდებოდა-მეთქი, მაშინღა დაინტერესდა. დიდი გაფუჭებული კაცი იყო ეს სტრედლეიტერი.
- საშინელი ბავშვობა ჰქოდნა საწყალ გოგოს. არ გეხუმრები.
ეს კი აღარ აინტერესებდა სტრდელეიტერს, უწმაწურ რამეს თუ იტყოდი, იცოცხლე ცქვეტდა ყურებს!
- ჯეინ გალაჰერი. ღმერთო ჩემო! გონს ვეღარ მოვეგე. ვეღარ ამოვიგდე თავიდან. - გავიქცევი და ვნახავ, მივესალმები მაინც.
- მერე ვერ წახვალ?! გადმოგიგდია ენა და დგახარ!
ფანჯარასთან მივედი, მაგრამ არაფრის გარჩევა არ შეიძლებოდა, ტუალეტში ისე ცხელოდა, რომ სულ შეორთქლილი იყო მინები.
- ახლა გუნებაზე არა ვარ. - ვთქვი მე. მართლაც არ ვიყავი გუნებაზე. უგუნებოდ როცა ხარ, ასეთი რამეები არ შეიძლება. - მე კიდე შიპლის სკოლაში მეგონა. დარწმუნებულიც ვიყავი, რომ შიპლიში სწავლობდა. - გავიარ-გამოვიარე. საქმე არაფერი მქონდა. - თამაში მოეწონა? - ვკითხე ბოლოს.
- მგონი მოეწონა. რა ვიცი.
- არ გითხრა შაშს ვთამაშობდითო, ან სხვა რამე არ გიამბო?
- არ ვიცი. ანკი საიდან მეცოდინება, ახლახანს გავიცანი. - კულულები დაივარცხნა და ახლა თავის ბინძურ დანას და საპარს მოწყობილობას ალაგებდა.
- მოიხედე, ჩემგან მოკითხვა გადაეცი.
- გადავცემ, - შემპირდა სტრედლეიტერი. მაგრამ ვიცოდი, რომ არაფერსაც არ გადასცემდა. სტრედლეიტერისთანა ვაჟბატონებს მოკითხვისთვის სცხელათ სწორედ!
სტრედლეიტერი ოთახისკენ წავიდა. მე ცოტახანს კიდევ დავრჩი ტუალეტში, ჯეინზე ვფიქრობდი. მერე მეც შევედი ოთახში.
სტრედლეიტერი სარკესთან იდგა და ყელსახვევს ისკვნიდა. ნახევარი სიცოცხლე სარკესთან ექნება გატარებული. ჩემს სავარძელში ჩავჯექი და სტრედლეიტერს დავუწყე ცქერა.
- ეი, მივმართე მე, - ჩემი გამოპანღურების ამბავი არ უთხრა.
- არ ვეტყვი.
ეს ერთი კარგი თვისება ჰქონდა სტრედლეიტერს. არ ჩაგაცივდებოდა, შეკითხვებით გულს არ გაგიწვრილებდა, ეკლის არა ჰგავდა. ალბათ, იმიტომ, რომ
ყველაფერი ფეხზე ეკიდა. ნამდვილად ასეა. ეკლი სულ სხვა ვინმე იყო. ყველგან თავის ბინძურ ცხვირსა სჩრიდა.
ჩემი ნატის ქურთუკი ჩაიცვა სტრედლეიტერმა.
- ფრთხილად, არ გამიგანიერო, ორჯერ მეტად არა მცმია, - ვუთხარი მე.
- ფიქრი ნუ გაქვს. ჩემი სიგარეტები სად ჯანდაბაში წავიდა!
- მაგიდაზე დევს, - ყველაფერს ასე მიაბეცებდა ხოლმე და მერე აღარ ახსოვდა, - შენი კაშნეს ქვეშ, - აიღო სიგარეტები და თავის ქურთუკის ჯიბეში ჩაიყარა - ჩემი ქურთუკის ჯიბეში.
სანადირო ქუდი უცებ ისევ უკუღმა შევაბრუნე. ნერვებმა მიღალატა. სულ დაწიწკნილი მაქვს ნერვები.
- მოიხედე. სად უნდა წაიყვანო? - ვკითხე მე. - უკვე გადაწყვეტილი გაქვს?
- თვითონაც არ ვიცი. დრო თუ დარჩა, ნიუ-იორკში წავალთ. - მიჰქარა და მხოლოდ ათის ნახევრამდე დაეთხოვა.
- ალბათ არ იცოდა, რა კოხტა და მომხიბლავი არამზადა ხარ. რომ სცოდნოდა, დილის ათის ნახევრამდე დაეთხოვებოდა.
- ესეც სწორია, - თქვა სტრდელეიტერმა, - აგრე ადვილად ვერ ააადუღებდი. ძალიან მოჰქონდა თავი. - ახლა გეყოფა. ის დავალება უსათუოდ დამიწერე. - ქურთუკი ჩაიცვა და წასასვლელად გაემზადა. - ძალიანაც ნუ გამოიდებ თავს. ისე ეცადე, მხატვრული იყოს. კარგი?
არაფერი მიპასუხნია. გუნებაზე არ ვიყავი ესღა ვუთხარი:
- აბა ერთი ჰკითხე, დამებს ისევ უკანასკნელ ხაზზე ამწკრივებს?
- ვკითხავ, მითხრა სტრედლეიტერმა, მაგრამ ვიცოდი, არა ჰკითხავდა.
- აბა, კარგად იყავი, - თქვა და კარები გაიჯახუნა.
ნახევარი საათი იქვე ვიჯექი. ესე იგი, ჩემს სავარძელში ვიჯექი, არც განვძრეულვარ. ჯეინი არ მშორდებოდა თავიდან, ვფიქრობდი, როგორ წავიდნენ ისა და სტრედლეიტერი ერთად. ისე დამეწიწკნა ნერვები, რომ ლამის გავგიჟდი. აკი გითხარით, სტრედლეიტერი გარყვნილი ნაბუშარაა-მეთქი.
უცებ ისევ ეკლიმ არ შემოალაჯა! გადასწია შხაპის კაბინის ფარდა და შემოვიდა. პირველად მოხდა, რომ მისი დანახვა გულით გამეხარდა. ახლა უკვე შემეძლო სხვა რამეზე ფიქრი.
სადილობამდე მეჯდა ოთახში, ბიჭებსა ჭორავდა, რომლებიც მას სძულდა, თან ხელით უზარმაზარ მუწუკს იჩიჩქნიდა ნიკაპზე. ცხვირსახოციც კი არ ამოუღია. მართალი თუ გინდათ, მგონი სულაც არ ჰქონდა ცხვირსახოცი. ყოველ შემთხვევაში, ერთხელაც არ დამინახავს მის ხელში.


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 47
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------