რუსუდან მეფე - Www.Gegartoba.Tk
შესვლა


მთავარი სიახლეები საქართველო რუსუდან მეფე
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რუსუდან მეფე


საქართველოს ოქროს ხანის დასასრული და ახალი ეტაპის დასაწყისი, თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქალიშვილის და გიორგი IV ლაშას დის, რუსუდან დედოფლის მეფობას უკავშირდება. დავითის დროს დაწყებული ზეობის პერიოდი ერთ საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა და რიგი მიზეზების გამო დასასრული რუსუდანის მმართველობის დროს ჰპოვა. ძირითად საფრთხეს წარმოადგენდნენ ჩინგიზ ყაენის მიერ დაძრული მონღოლური ურდოები და მათ მიერ შუა აზიიდან გამოდევნილი ხვარაზმელები და სხვა თურქმანული ტომები წარმოადგენდნენ, ამას გარდა სახელმწიფო დაესუსტებინა შინაკლასობრივ ბრძოლებს, რამაც დიდი როლი ითამაშა განცდილ დამარცხებებში. რუსუდანის მეფობა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელი იყო და საბოლოოდ მონღოლთა გაბატონებით დასრულდა.


გიორგი IV ლაშას გარდაცვალების შემდეგ(დაახლ. 1222-1223 წ. სავარაუდოდ მონღოლებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობის შედეგად) საქართველოს მეფე რუსუდანი გახდა(1223-1245), თამარ მეფის ასული. გიორგი IV-ს არ ჰყავდა კანონიერი მემკვიდრე. მის უკანონო შვილს, დავითს, კარგი აღზრდა-განათლება და საუფლისწულო მამულები მისცეს. ცუდ დროს მოუხდა რუსუდანს გამეფება, ეკონომიკურმა კრიზისმა აშკარად იჩინა თავი. ფასები ძალიან გაიზარდა, ცხოვრება გაძვირდა. აეკლესიის მოხელეები ნამდვილი ქორვაჭრები გახდნენ და საეკლესიო წესების აღსასრულებლად დიდი გასამრჯელო მოითხოვეს. მათ შორის განსაკუთრებულად ანისის მართლმადიდებელი სამღვდელოება გამოირჩა, მათ დაახლ. 100 თბილისური დრამის გადახდა მოითხოვეს მსახურებისთვის. ასევე კარგი გამასპინძლება დამკრძალავ და სხვა სახის ღონისძიებებში, როდესაც მღვდლის მომსახურება იყო საჭირო. ხალხმა ამაზე ერთსულოვანი პროტესტი გამოთქვა, მაგრამ ეკლესია არ შეეპუა და უარი განაცხადა საეკლესიო მსახურების ანაზღაურების გარეშე ან დაბალი ანაზღაურებით ჩატარებაზე. ამან გამოიწვია ის, რომ ხალხი აღარც ეკლესიებში დადიოდა და აღარც შესაწირს გასცემდა. ამ საკითხის გამწვავებამ აიძულა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ეტიფანე ჩარეულიყო ანისის სამღვდელოებასა და ქართველ და სომეხ მრევლს შორის მიმდინარე დაპირისპირებაში. მან მართლაც მოაგვარა ეს საკითხი და ანისის ეკლესია სასტიკად გაკიცხა, დაუჭირა რა მხარი მრევლის პოზიციას. მან ასევე მესამედამდე დასწია სასულიერო პირთა გასამრჯელო. ეკლესიისა და ეკონომიკის გართულებული მდგომარეობა არყევდა საქართველოს მძლავრი სახელმწიფოს საძირკველს და მძიმე საგარეო მდგომარეობას არანაკლებ უარეს შიდა ვითარებასაც ურთავდა.


1223 წელს რუსუდანი ცოლად შერთეს რუმის სულთნის, ერზრუმის მფლობლის, მოღის ედ-დინ თოღრილ-შაჰის(ყილიჩ-არსლან მეორის შვილისა და რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰის ძმის ვაჟი) ძე, ღიას ედ-დინს. ამ უკანასკნელს რუსუდანთან არამარტო პოლიტიკური ინტერესები, არამედ სიყვარულიც აკავშირებდა, ასევე ისტორიული წყაროების მიხედვით მშვენიერი ვაჟკაცი იყო და ქრისტიანობაც კი მიიღო რათა რუსუდანი ცოლად მოეყვანა. იბნ ალ ასირი წერს, რომ მოღის ედ-დინმა ქართველთა მეფისგან გაგზავნილი საპატიო სამოსი ჩაიცვა და აშკარად აღმართა დროშა, რომლის ზემოთაც გაკეთებული იყო ჯვარი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს გავლენა ჰქონდა ერზრუმზე. მემატიანეები ქართველ დედოფალს ულამაზეს და თამარ მეფის სადარ ქალად აღწერენ, მაგრამ სამწუხაროდ იგი არ იყო ჭკვიანი, წინდახედული და დედისგან განსხვავებით არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა ქვეყნის მართვისა(თამარი გიორგი III-მ სიცოცხლეშივე დაისვა თანამოსაყდრედ). რუმის სულთანზე დაქორწინებამდე რუსუდანს შირვანშაჰზე უპირებდნენ გათხოვებას, თუმცა ეს ქორწინება მაშინ ჩაიშალა, როდესაც გიორგი IV ლაშა გარდაიცვალა და წესის მიხედვით რუსუდანს ერთი წელიწადი უნდა ეგლოვა. 1125 წელს პაპ ჰონორიუს მესამის მოწოდებით ფრიდრიხ მეორე ჰოფენშტაუფენს ჯვაროსნული ლაშქრობა უნდა დაეწყო წმინდა მიწაზე. პაპს დახმარება და ჯვაროსნულ ომში ჩართვა რუსუდან მეფემაც შესთავაზა 40 000 მეომრით ივანე მხაგრძელის მეთაურობით, მაგრამ ჯვაროსნული ლაშქრობა 1127 წლამდე გადაიდო, ხოლო საქართველო 1125 წელს ახალ, მძლავრ მტერთან მოუწია ბრძოლა. მონღოლთაგან განადგურებული ხვარაზმის სახელმწიფოდან გამოდევნილი ხვარაზმშაჰი ჯალალ ედ-დინ მანგუბერტი აზერბაიჯანში ცდილობდა მომაგრებას. მან ისლამური სახელმწიფოების ძალების გაერთიანება მოახერხა და საქართველოს მეფეს მუქარის წერილი გამოუგზავნა და დამორჩილება მოსთხოვა


ჯალალ ედ-დინმა იცოდა, რომ მიუხედავად მონღოლებთან დამარცხებისა და რიგი პრობლემებისა, საქართველო კვლავ ძლიერ სახელმწიფოდ რჩებოდა და გავლენაც გააჩნდა მეზობელ მაჰმადიანურ ქვეყნებში, ამიტომ მოიწადინა ამით ესარგებლა, გამოაცხადა თავი ირანის იმპერიის განმაახლებლად და მუსულმანთა განმანთავისუფლებლად და დაუპირისპირდა ქრისტიან ქართველებს. საქართველოს მაშინდელი მესვეურები ძალიან ცუდად უწყოდნენ შექმნილ საგარეო მდგომარეობას, რაზეც დიდი გავლენა ჯერ კიდევ დავით IV-ს დაარსებულმა მსტოვართა ინსტიტუტის დასუსტებამ მოახდინა. ქართველებმა უკმეხი პასუხი გაუგზავნეს ხვარაზმელს და დასცინეს მონღოლთა წინააღმდეგ დამარცხების გამო, რომელთაც თითქმის ვერაფერი დააკლეს ქართველებს. ისინი თვლიდნენ, რომ ჯებესა და სუბუდაის ის ათი ათასი მეომარი, რომელიც გიორგი-ლაშას დროს შემოიჭრა, მონღოლთა ძირითადი ძალა იყო(ჯებე და სუბუდაი დაზვერვით ფუნქციას ასრულებდნენ და ჩინგიზ ყაენისთვის ცნობებს აგროვებდნენ). საქართველოს ამირსპასალარი ივანე მხარგრძელი მტერს არად აგდებდა, ამიტომ სამხედრო სამზადისს არცთუ დიდი გულმოდგინებით შეუდგა. ზოგადად ქართველები მტერს ცუდად იცნობდნენ და არც მისი შესაძლებლობების შესახებ იცოდნენ რამე.




ჯალალ ედ-დინს ესმოდა სისწრაფის ძალა და მნიშვნელობა, ამიტომ გადაწყვიტა საქართველოს მანამ დასხმოდა თავს, სანამ ეს ქვეყანა კარგად მომზადებას მოასწრებდა. 1225 წელს იგი კარგად აღჭურვილი, დიდი არმიით დაიძრა და დვინს შეესია. ქართველები აჩქარდნენ და ჯარის შეეყრა დაიწყეს. მტერი უკვე გარნისის მიდამოებს მიადგა, თუმცა დაბლობზე განლაგდა, რადგან ქართველებს უკვე დაეკავებინათ სიმაღლეები. ჯალალ ედ-დინმა არ დააცადა მათ ჯარების თავმოყრა და სწრაფი იერიში მიიტანა.

სასტიკ ბრძოლაში ხვარაზმელებმა გაიმარჯვეს. ქართველთა უნიათო სარდლობამ ჯართან ერთად დაიხია უკან. ბრძოლაში დაეცა ივანე ახალციხელი, ხოლო მისი ძმა შალვა ტყვედ ჩავარდა. ახალციხელები წინა რიგებში იბრძოდნენ მესხებით და როდესაც გაუჭირდათ რამდენჯერმე გაუგზავნეს ამირსპასალარს დახმარების თხოვნა, მაგრამ ივანე არ დაეხმარა მათ და მტერს შეატოვა მესხები თავიანთ მეთაურიანად. მხაგრძელებს ახალციხელები არ უყვარდათ და მათი მოშორება უნდოდათ, რათა თავიანთი გავლენის საზღვრები კიდევ უფრო გაევრცელებინათ, ივანემ ამისთვის ჯალალ ედ-დინთან ომი გამოიყენა. . . სამხედრო თვალსაზრისით გარნისის დაკარგვა ძალიან საზიანო იყო და ამას გარდა პოლიტიკურადაც მნიშვნელოვან მარცხს წარმოადგენდა.



ამის შემდეგ ჯალალ ედ-დინი დვინის ასაღებად მიბრუნდა, აიღო და გაძარცვა ეს მდიდარი ქალაქი, ხოლო როდესაც თბილისისკენ დაიძრა, გზად აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ განზრახული აჯანყების შესახებ შეიტყო. მან ორად გაყო ჯარი, ერთი ნაწილი საქართველოს ასაოხრებლად დატოვა. აზერბაიჯანში საქმის მოგვარების შემდეგ ჯალალ ედ-დინმა აღმოსავლეთიდანაც შეუტია საქართველოს და განძის დასაპყრობად ჯარი გაგზავნა. 1225 წლის დეკემბერში იგი ისევ თბილისისკენ წამოემართა. რუსუდანი დასავლეთ საქართველოში გაიქცა და ქუთაისში გამაგრდა, თბილისის დაცვა კი ბოცო და მემნა ბოცოს ძეებს ჩააბარა. 1226 წლის 9 მარტს ჯალალ ედ-დინმა თბილისელი მუსლიმების ღალატისა და შინათგამცემლობის დახმარებით თბილისი აიღო. ციხისთავი მემნა ბრძოლის დაწყებამდე მოღალატე მაჰმადიანმა ვერაგულად მოკლა, რითაც კიდევ უფრო გაუადვილა ხვარაზმელს საქმე. ჯალალ ედ-დინმა თბილისი გააძარცვინა, ხოლო ქრისტიანები, ვინც ისლამი არ მიიღო, დაახოცვინა(100 ათასი ქართველის მარტვილობა, რიცხვები რათქმაუნდა გაზრდილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ერისთვის მაინც დიდი ტრაგედია იყო და ასევე დიდი ქრისტიანული გმირობა). რუსუდანის ერზრუმელი ქმარი, რომელიც თბილისში დარჩა, ჯალალ ედ-დინის მხარეს გადავიდა და კვლავ ისლამი მიიღო. ისნის ციხე კვლავ ქართველების ხელში რჩებოდა, მაგრამ რუსუდანმა ბრძანება გაუგზავნა ციხისთავ ბოცოს, რომ მტრისთვის ჩაებარებინა ციხე. ჯალალ ედ-დინმა მიიღო მისი პირობები, ციხე დაიკავა და მეციხოვნეები თავისუფლად გაუშვა.



ხვარაზმელთა მიერ თბილისის აღება და ქართველთა დამარცხება მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოდგა და მძიმე კვალი დაამჩნია საქართველოს ძლიერებას. ჯალალ ედ-დინმა კი მუსულმანების დიდი პატივისცემა და მხარდაჭერა მოიპოვა. მალე ირანში მის წინააღმდეგ ახალი აჯანყება დაიწყო და ხვარაზმშაჰს საქართველოს დატოვება მოუხდა, თუმცა ჯარის შენართი დატოვა. 1226 წლის სექტემბერში ჯალალ ედ-დინი ისევ საქართველოში დაბრუნდა და ომი განაახლა, თუმცა ვერ მოახერხა კარისა და ანისის აღება. ამის შემდეგ ხვარაზმშაჰი ხლათისკენ დაიძრა. თბილისელმა მუსლიმებმა, რომლებიც შევიწროებულები იყვნენ ჯალალ ედ-დინისგან, აცნობეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დედაქალაქში მცირე გარნიზონი იდგა. ქართველებიც დაიძრნენ და თბილისი დაიბრუნეს. ხვარაზმელებმა ვერ აიღეს ხლათი და მთელი ჯარით საქართველოში დაბრუნდნენ. ქართველებმა 1227 წელს გადაწვეს თბილისი და კვლავ უკან დაიხიეს. ხვარაზმშაჰის თარეშით მობეზრებულმა და დაზარალებულმა რუმის, შაჰარმენისა და შამის სამფლობელოების მესვეურებმა საქართველოსთან დაიწყეს მოლაპარაკება, რათა გაერთიანებული არმიით დაემარცხებინათ ჯალალ ედ-დინი. 1228 წელს ხვარაზმშაჰი, რომელმაც შეიტყო ამის შესახებ, საქართველოში შემოიჭრა და ქართველთა ჯარი ბოლნისთან ბრძოლაში დაამარცხა, ხოლო 1229 წელს ხლათიც აიღო. 1230 წელს მონღოლები აზერბაიჯანის საზღვრებთან გამოჩნდნენ. ჯალალ ედ-დინი გაექცა მათ და საბოლოოდ ყველასგან მიტოვებული ბასიანის მთებში ვიღაც ქურთის ხელით იქნა მოკლული. ქუთაისში მყოფმა რუსუდანმა 1230 წელს თავისი 5 წლის ვაჟი, დავითი თანამოსაყდრედ დაისვა, ხოლო მალე კვლავ თბილისს დაუბრუნდა. მცირე ხნით დასვენებულ ქვეყანას კვლავ მტერი მოადგა, ამჯერად უძლეველი მონღოლების სახით.


ჯალალ ედ-დინის ქმედებამ ხელი შეუწყო მონღოლებს და მათ ხვარაზმშაჰისგან დასუსტებული ქვეყნები სწრაფად დაიპყრეს. 1235 წელს დაიკავეს განძა და მოციქულთა დახოცვისთვის სასტიკად ააოხრეს, შემდეგ კი საქართველოს ტერიტორიაზე, შამქორში შემოიჭრნენ. ვარამ გაგელმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედა და გაიქცა. მონღოლებმა შამქორი აიღეს და გაძარცვეს. რუსუდანი კვლავ ქუთაისში გაიქცა, თბილისის ციხისთავს მუხასძეს კი მტრის შემოსვლამდე ქალაქის გადაწვა უბრძანა, როგორც ეს ჯალალ ედ-დინის დროს გაკეთდა. მონღოლებმა აიღეს ლორე, ანისი, დმანისი და სამშვილდე, შემდეგ კი კაენის ციხეს შემოარტყეს ალყა, სადაც ამირსპასალარი ავაფ მხარგრძელი აფარებდა თავს. იგი მტერს მალე დანებდა. მას მიჰყვნენ შანშე მხარგრძელი, ვარამ გაგელი… თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველო მონღოლების გავლენის ქვეშ მოექცა, თუმცა სამცხემ ივანე-ყვარყვარე ჯაყელის ხელმძღვანელობით ბრძოლა გააგრძელა, თუმცა ხანმოკლე. მონღოლებს ლიხის ქედის გადალახვა არც უცდიათ და ამჯერად სავსებით დაკმაყოფილდნენ აღმოსავლეთის დამორჩილებით. 1239 წელს რუსუდანმა ეპისტოლე გაუგზავნა რომის პაპ გრეგორ მე-9-ს, სადაც მონღოლთაგან შექმნილი საფრთხე და მათ მიერ საქართველოს დალაშქვრა იყო აღწერილი.


ქართველი დედოფალი დახმარებას სთხოვდა დასავლეთ ევროპას და რომის უმაღლეს პონტიფიკატს უმტკიცებდა, რომ ჩვენ აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკლესიების გაერთიანების მომხრენი ვართო. პაპისგან ვერაფერი სანუგეშო წერილი მოვიდა და მხოლოდ ის შესთავაზა რუსუდანს, რომ მისიონერებს გაგზავნიდა ეკლესიათა კვლავ გასაერთიანებლად. საქართველო იძულებული გახდა მონღოლებთან მოლაპარაკება წამოეწყო. რუსუდანმა ბათო ყაენთან არსენ მწიგნობართუხუცესი გაგზავნა და ყაენისგან შეთანხმების საფუძველზე უვნებლობის აღთქმა მიიღო, რათა აღმოსავლეთ საქართველოში თამამად გადასულიყო. საბოლოოდ მონღოლებსა და ქართველებს შორის საზავო ხელშეკრულება გაფორმდა. მონღოლური ჯარი მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში ჩადგებოდა და დასავლეთი თავისუფალი დარჩებოდა. რუსუდანი აღიარებდა ყაენის უზენაესობას და კისრულობდა 50 000 ოქროს პერპერის კონტრიბუციის გადახდას. მონღოლები რუსუდანის ვაჟს, დავითს სრულიად საქართველოს მეფედ აღიარებდნენ, რითაც ქართველთა პოლიტიკური ერთიანობა არ დაირღვეოდა. 1243 დავითმა მეფობის დასამტკიცებლად ჯერ ბათო ყაენის, ხოლო შემდეგ მუნქე ყაენის კარი მოიარა. ამას ორი წელიწადი დასჭირდა. მეფე რუსუდანი კი 1245 წელს დასნეულდა და გარდაიცვალა. მისმა მეფობის პერიოდში საქართველომ დაკარგა ერთსაუკუნოვანი გავლენა კავკასიაში, მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მონღოლთა უზარმაზარი იმპერიის ვასალი გახდა, რაც გიორგი ბრწყინვალის მმართველობამდე გაგრძელდა.


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 37
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------